saqarTvelos tbebi - tabawyuris tba

მდებარეობა ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტები
კოორდინატები 41°38`43` ჩ. გ. 43°37`13` ა. გ.
ფართობი 14.2 კმ²
მოცულობა 221 კმ³
საშუალო სიღრმე 15.5 მ
მაქსიმალური სიღრმე 40 მ
აუზის ფართობი 83.1 კმ²

 

სინონიმი: ტაბისყური.

ტბა საქართველოში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1991 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 14,2 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 83,1 კმ², საშუალო სიღრმე 15,5 მ, მაქსიმალური სიღრმე 40,2 მ, წყლის მოცულობა 221 მლნ. მ³.

საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. ტბის მინიმალური დონე ძირითადად შეინიშნება იანვარ-მარტში. ყველაზე დაბალი საშუალოთვიური დონეა თებერვალში. გაყინულია დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე. ტაბაწყური საქართველოში წყლის მოცულობით უდიდესი ტბაა. გამდინარეა მიწისქვეშა გზით.

ტაბაწყურის ტბის წყალშემკრები აუზი განლაგებულია სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში და ყველა მხრიდანაა გარშემორტყმული ვულკანური მთებით. აუზის ჰიდროგრაფიული ქსელი სუსტადაა განვითარებული, რაც მისი გეოლოგიური აგებულებითაა განპირობებული. ერთვის მხოლოდ ორი მუდმივი შენაკადი: ერთი ტბას ერთვის ჩრდილოეთიდან, ხოლო მეორე დასავლეთიდან. იერთებს აგრეთვე რამდენიმე დროებით ნაკადსაც.

ტბას აქვს სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული ოთხკუთხედის ფორმა. სანაპირო ხაზი შეჭრილ-შემოჭრილია, განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. ბევრია ყურე. არის კუნძულები. ტბის ნაპირები ძირითადად მაღალია და ციცაბო. ტბის ქვაბულის წყალქვეშა კალთები ყველგან ციცაბოა. ქვაბული წარმოქმნილია ლავური ნაკადების შეგუბების შედეგად. ტაბაწყურის გენეზისი ტექტოგენურ-ვულკანურია.

წყალი მტკნარია, მდიდარია თევზით. მოიპოვება კალმახი, ჩვეულებრივი წვერა, კობრი, ევროპული ჭაფალა, ლადოგური სიგი, რიპუსი და სხვა. თევზის სარეწად ტბის ნაპირზე აშენებულია პატარა ნავსაყუდელი და ქარხანა-საამქრო. ტბის გარშემო გაშენებულია სოფლები ტაბაწყური და მოლითი. გარშემორტყმულია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილით.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ტაბაწყური ხელოვნურად შექმნილი წყალსატევი უნდა იყოს:

„იტყვიან ტბის-ყურისას თამარ მეფემ ჰყო ტბად, ვინაითგან ჩანს ნარუალი, გაიტანაო ქციიდამ.“